Website is in Process of Renewal პეტერ შრაიერის პირველი „ჰიუნდაი“ - Hyundai Auto Georgia

პეტერ შრაიერის პირველი „ჰიუნდაი“

25 თებერვალი, 2014

პეტერ შრაიერის პირველი „ჰიუნდაი“

ეს ავტომობილი უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ, კონცეპტუალური მოდელი. „ინტრადოს“, რომელსაც „ჰიუნდაი“ ჟენევის მოტორ შოუზე წარადგენს, თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ეპოქალური. რა თქმა უნდა, „ჰიუნდაისთვის“ ეპოქალური. ჯერ ერთი, ეს პირველი ავტომობილია, რომლის შექმნასაც კომპანიის დიზაინის ახალმა შეფმა, სახელოვანმა პეტერ შრაიერმა უხემძღვანელა. მეორეც, ის კორეული კომპანიის სტილის, „თხიერი სკულპტურის“ ახალ მიმართულებას გვიჩვენებს. მესამეც, ყველაზე რევოლუციურია მისი შექმნისას გამოყენებული მასალები და ტექნოლოგიები.

ჯერ სახელის შესახებ - „ინტრადო“ თვითმფრინავის ფრთის ქვედა ნაწილს ჰქვია, რომელიც ამწევ ძალას ქმნის. სიმბოლურად, ახალმა კონცეპტმა კომპანიისთვის სწორედ ამწევი ძალის შემქმნელის მოვალეობა უნდა შეასრულოს. მისი მეშვეობით, „ჰიუნდაი“ ყველას დაანახებს, რომ არამხოლოდ ხარისხიან პროდუქციას ქმნის, არამედ თავის მომხმარებელს მუდმივად ტექნოლოგიურ სიახლეებს სთავაზობს, რაც მისი ავტომობილების საექსპლუატაციო მახასიათებლებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, საითკენაც კორეულმა კომპანიამ თავისი ინტელექტუალური პოტენციალი მიმართა, ავტომობილებისთვის ზედმეტი წონის ჩამოშორებაა. ამასთან ერთად, ყურადღება ავტომობილების აეროდინამიკის დახვეწას და ძალიან ეფექტური ძალური დანადგარების შემუშავებას დაეთმობა. სხვათა შორის, მესამე კომპონენტში „ჰიუნდაის“ უკვე სოლიდური გამოცდილება აქვს დაგროვილი.

კონცეპტუალური ავტომობილის დიზაინი, კორპორატიულ სტილ „თხიერი სკულპტურის“ ევოლუციური ვარიანტია. „ჰიუნდაის“ განმარტებით, სტილის ევოლუცურობას აეროდინამიკის დახვეწა განაპირობებს. ამასთან, დიზაინში ვერ ნახავთ ზედმეტ ელემენტებს, რომლების დანიშნულებაც მხოლოდ ესთეტიკური მხარე შეიძლება იყოს. კონცეპტის ძარის პანელები ძალიან მსუბუქი ფოლადის ფურცლებისგანაა დამზადებული, რისი წყალობითაც, ავტომობილი უკეთ იტანს შეჯახებებს და ამასთან, ძარის რემონტიც გაადვილებულია. ეს ელემენტები დამაგრებულია კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ ცენტრალურ სივრცულ სტრუქტურაზე. „ჰიუნდაის“ რელიზში აღნიშნულია, რომ ამ სტრუქტურის შესაქმნელად, სრულიად ახალი ტექნოლოგოური პროცესი დააპატენტა, რომელიც კარბონის მასობრივ წარმოებაში დანერგვის საშუალებას იძლევა.

დაბოლოს, ძალური დანადგარის შესახებ: კონცეპტი „ინტრადო“ აღჭურვილია შემდეგი თაობის წყალბადის ფიჭურუჯრედოვანი ელემენტებით, რომელიც ასევე მოიცავს ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკს. ამის ენერგოტევადობა 36 კილოვატსაათია. ავტომობილის წყალბადით გასაწყობად წუთებია საკმარისი, ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ „ინტრადომ“ 600 კილომეტრი გაგატაროთ. თანაც, ამ დროს ატმოსფეროში მხოლოდ წყალს გამოჰყოფს.

კონცეპტუალური ქროსოვერი „ინტრადო“ შემუშავებულია „ჰიუნდაის“ ევროპული შტოს კვლევისა და განვითარების ცენტრში, რომელიც ფრანკფურტის მახლობლად არსებულ ქალაქ რიუსელსჰაიმში მდებარეობს.