Website is in Process of Renewal „ჰიუნდაიმ“ სრულიად ახალი „ჯენეზისი“ გაგვაცნო - Hyundai Auto Georgia

„ჰიუნდაიმ“ სრულიად ახალი „ჯენეზისი“ გაგვაცნო

28 ნოემბერი, 2013

„ჰიუნდაიმ“ სრულიად ახალი „ჯენეზისი“ გაგვაცნო

„ჰიუნდაიმ“ ოფიციალურად მოხსნა საბურველი თავის სრულიად ახალ, მეორე თაობის სედან „ჯენეზისს“, რომელიც კორეულ კომპანიას პრემიუმ სეგმენტში პოზიციების გამყარებაში უნდა დაეხმაროს. ახალი სააღმასრულებლო სედანის დიზაინი ძირეულადაა შეცვლილი. ამასთან, ის ახალი ტექნოლოგიებით აღიჭურვა და უფრო სპორტული ხასიათი შეიძინა.

ეს პირველი ავტომობილია, რომელიც კორეული კომპანიის კორპორატიულ სტილ „თხიერი სკულპტურა 2-შია“ შესრულებული. მისი დამახასიათებელი თავისებურებანია მარტივი და ჰარმონიული ფორმები, რომლებიც „თხევად“ ელემენტებთან ორგანულადაა შერწყმული. მთავარი სიახლეა ექვსკუთხა რადიატორი, რომელიც ავტომობილს ინდივიდუალობას ანიჭებს. ორივე მხარეს კი ახალ „ჯენეზისს“ დინამიური ზოლები გასდევს, სურათს კი სრულყოფილებას ანიჭებს მანქანის სპორტული სტილის უკანა ნაწილი.

ახალი ავტომობილის გაბარიტებია: სიგრძე 4 990 მილიმეტრი, სიგანე 1 890 მილიმეტრი, სიმაღლე 1 480 მილიმეტრი. ამგვარად, ის თავის წინამორბედზე 4 მილიმეტრით გრძელი და 5 მილიმეტრით მაღალია. ბორბლებს შორის ბაზა 75 მილიმეტრით, 3 010 მილიმეტრამდე გაიზარდა. გაზრდილია სალონის მოცულობა, რაც განსაკუთრებით მის უკანა ნაწილში იგრძნობა.

„ჰიუნდაიმ“ ახალი „ჯენეზისის“ მყიდველს სალონში ბევრი სიახლე მოუმზადა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სპეციალური სენსორი, რომელიც ჰაერში ნახშირორჟანგის შემცველობას აკონტროლებს. გარდა ამისა, მართვის უსაფრთხოებასა და გამარტივებას ემსახურება ავტომატური საგანგებო მუხრუჭი, უხილავი სივრცის დაფიქსირების სისტემა და რადარით კონტროლირებადი საზრიანი კრუიზ კონტროლი.

ახალ „ჯენეზისზე“ კორეულმა კომპანიამ სრულიად ახალი სრულ ამძრავიანი სისტემა HTRAC და მრავალბერკეტიანი საკიდარიც დააყენა. ძრავების გამაში ოთხი აგრეგატი შევიდა, რომელთაგან სამი V6 აგებულებისაა (ლამბდა სერია) და მათი მოცულობებია: 3.0, 3.3 და 3.8 ლიტრი (257, 282 და 315 ცხ.ძ). მეოთხე ძრავი კი არის ტაუ სერიის 5.0-ლიტრიანი GDI (საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევა). რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი ყველაზე მძლავრია - 425 ცხენის ძალას და 530 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამ ძრავით, ახალ „ჯენეზისს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 5.4 წამი ჰყოფნის, მაქსიმალური სიჩქარე კი 240 კმ/სთ-ია. ყველა ძრავთან 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია შეწყვილებული.

„ჰიუნდაიმ“ გამოაცხადა, რომ ახალ „ჯენეზისზე“ შეკვეთების მიღების დაწყებიდან ერთ კვირაში, უკვე 3 500 წინასწარი შეკვეთა აქვს მიღებული. მომავალი წლისთვის კორეული კომპანია 62 000 ახალი „ჯენეზისის“ გაყიდვას გეგმავს, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი შინაურ ბაზარზე გაიყიდება. პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ახალი „ჯენეზისის“ შემუშავებას და წარმოებისთვის მომზადებას ოთხი წელი მოანდომა, რასაც საერთო ჯამში, 500 მილიარდი ვონის (471.5 მილიონი დოლარი) ინვესტიცია დასჭირდა.