Website is in Process of Renewal „ჰიუნდაიმ“ ახალი „ჯენეზისის“ ესკიზები გვიჩვენა - Hyundai Auto Georgia

„ჰიუნდაიმ“ ახალი „ჯენეზისის“ ესკიზები გვიჩვენა

24 ოქტომბერი, 2013

„ჰიუნდაიმ“ ახალი „ჯენეზისის“ ესკიზები გვიჩვენა

დამთავრდა ტესტების და კამუფლაჟის დრო და „ჰიუნდაიმ“ თავისი ახალი ფლაგმანის, სედან „ჯენეზისის“ ტიზერის ნაცვლად, მისი ესკიზები გამოაქვეყნა. მათზე იმ ავტომოვილს ვხედავთ, რომელიც მალე გამოჩნდება კორეული კომპანიის დილერთა შოურუმებში. ისევე როგორც პირველი „ჯენეზისი“ მეორეც ალბათ პირველად კორეის ბაზარზე გამოჩნდება, შემდეგ კი სავარაუდოდ, მას დეტროიტის მოტორ შოუზე წარადგენენ - რაც უნდა იყოს, ამერიკა ამ ავტომობილის მთავარი ბაზარია.

„ჰიუნდაიმ“ წინდაწინ უკვე გამოაცხადა, რომ ახალი „ჯენეზისის“ დიზაინი, კომპანიის ახალ კორპორატიულ სტილში შესრულდებოდა, რომელსაც „თხიერი სკულპტურა 2.0“ ეწოდა. ფაქტობრივად, ეს წინა სტილის განვითარებაა, მისი ახლებური ვერსიაა და სავარაუდოდ, მსგავს სტილში კორეული კომპანიის სხვა ყველა ავტომობილიც შესრულდება. შესაძლოა, ახალი ავტომობილის სტილის ზოგიერთი ელემენტი, ევროპული პრემიუმ ბრენდების ავტომობილებისას მიამსგავსოთ, მაგრამ ალბათ სადაო არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ახალ „ჯენეზისს“ ძალიან ელეგანტური და ორიგინალური გარეგნობა აქვს და ის სხვა არცერთ ავტომობილში არ აგერევათ.

„ჰიუნდაი“ ასევე გვატყობინებს, რომ ახალი „ჯენეზისის“ შასი ძირეულადაა დამუშავებული. მასში უხვად გამოიყენეს მაღალი სიმტკიცის ფოლადი. შეცვლილია საკიდარის მახასიათებლები - ის უფრო ხისტი გახდა. ამასთან, ელექტრონიკით მართვადიცაა. ის ჩართულია მოსახვევში ჩაჭიდების კონტროლის გაფართოებულ სისტემაში (ATCC - ედვანსდ ტრექშნ კორნერინგ კონტროლ), რომელიც ავტომობილის მდგრადობას აუმჯობესებს.

ავტომობილი აღჭურვილია საჭის ელექტრომექანიკური გამაძლიერებლით, რომელიც ავტომობილის სიჩქარის შესაბამისად იცვლის მახასიათებლებს. კერძოდ, მაღალ სიჩქარეზე სტაბილურ მართვას უზრუნველყოფს, დაბალ და საშუალო სიჩქარეებზე კი პირდაპირ რეაგირებს, ყოველგვარი გამაძლიერებლის ეფექტის გარეშე.

„ჯენეზისი“ უკანა ამძრავიან ავტომობილად რჩება. მაგრამ მეორე თაობის სედანზე, მყიდველს სრულ ამძრავიან სისტემასაც შესთავაზებენ. ამ სისტემაში შევა HTRAC სისტემა, რომელიც მაბრუნ მომენტს წინა და უკანა ღერძებს შორის, საჭიროებისამებრ გაანაწილებს. გარდა ამისა, ავტომობილის ძრავების გამაში V6 და V8 ძრავები შევა.