Website is in Process of Renewal „ჰიუნდაი“ სპორტულ ქვე ბრენდს ქმნის - Hyundai Auto Georgia

„ჰიუნდაი“ სპორტულ ქვე ბრენდს ქმნის

16 ოქტომბერი, 2013

„ჰიუნდაი“ სპორტულ ქვე ბრენდს ქმნის

„ჰიუნდაის“ სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ქვე ბრენდის შექმნა აქვს გადაწყვეტილი, რისთვისაც რალის მსოფლიო ჩემპიონატზე თავის დაბრუნებას გამოიყენებს. ახალ ქვე ბრენდის მთავარი სამოქმედო არეალი ევროპა იქნება, თუმცა მომავალში კორეული კომპანია მას ამერიკასა და სხვა ბაზრებზეც გაიტანს, რისი ერთ-ერთი ნიშანაც შესაძლოა ლას ვეგასის ავტო შოუ SEMA-ზე მისი აქტიურობა იყოს.

ეს ინფორმაცია, ავსტრალიურ გამოცემა „დრაივს“ მიშელ ნანდანმა (ფოტოზე i2 WRC-სთან) გაუმხილა, ვინც კორეული კომპანიის იმ გუნდს უძღვება, რომელიც რალის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის ემზადება. მისი თქმით, ახალი ქვე ბრენდის პრემიერამდე დაახლოებით ერთი წელია დარჩენილი. პირველი ავტომობილი კი, რომელსაც ახალი ქვე ბრენდით გამოუშვებენ, სუბკომპაქტურ i20-ზე იქნება ბაზირებული. ის მთელს მსოფლიოში იყიდება და სწორედ მის ბაზაზე მზადდება ის ავტომობილი, რომელიც WRC-ზე იასპარეზებს.

სარბოლ i20-ს უკვე სრულმასშტაბიანი ტესტები უტარდება. მის მსგავსად, ამავე ავტომობილის ახალი ქვე ბრენდისეული ვერსიაც ტურბო ძრავით და სრულ ამძრავიანი სისტემით აღიჭურვება. სპორტულ i20-ს მალე კორეული კომპანიის სხვა მოდლების ტემპერამენტიანი ვერსიები მოჰყვება. სავარაუდოდ, ეს იქნება „ველოსტერ ტურბოს“ და „ჯენეზის კუპეს“ ვერსიები, ასევე „ელანტრა GT ტურბო“.

დიდი შანსია იმისა, რომ ახალ ქვე ბრენდს უკავშირდება ნურბურგრინგთან ახალი ტექნიკური ცენტრის ამოქმედება. „ჰიუნდაის“ ამ ყველაფრით ახალგაზრდა მყიდველის მოზიდვა სურს, რომელიც არჩევანის გაკეთებისას, სწორედ მწარმოებლის სპორტულ იმიჯს ითვალისწინებს. რაც შეეხება WRC-ს პროგრამას, ამას ორმაგი დატვირთვა აქვს. ჯერ ერთი, მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატების შემთხვევაში, კორეული კომპანია უზარმაზარ რეკლამას მიიღებს. მეორეც, სპორტში დაგროვილი გამოცდილება, საგზაო ავტომობილების სრულყოფის პროცესში გამოადგება.