Website is in Process of Renewal „ჰიუნდაი ინტრადო“ - ფიჭურ-უჯრედოვანი კონცეპტი ჟენევისთვის - Hyundai Auto Georgia

„ჰიუნდაი ინტრადო“ - ფიჭურ-უჯრედოვანი კონცეპტი ჟენევისთვის

11 დეკემბერი, 2013

„ჰიუნდაი ინტრადო“ - ფიჭურ-უჯრედოვანი კონცეპტი ჟენევისთვის

ჟენევის მოტორ შოუზე, რომელიც ტრადიციულად მარტში ჩატარდება, „ჰიუნდაი“ კონცეპტუალურ „ინტრადოს“ წარადგენს, რომლითაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ კორეული კომპანია მიღწეულს არ სჯერდება და აღმავალ ტრენდზე, განვითარების მორიგ ტალღას იწყებს.

„ჰიუნდაიმ“ კონცეპტუალური ავტომობილის ფოტო ტიზერი გამოაქვეყნა, რომელზეც „ინტრადოს“ ესკიზია გამოსახული, მის შესახებ კი ჯერჯერობით მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია გაგვანდო. ესკიზის მიხედვით მხოლოდ იმის ვარაუდი შეიძლება, რომ ესაა ან სუბკომპაქტური ქროსოვერი, რომელმაც კონკურენცია „ნისანის“ ანალოგიური კლასის „ჯუკს“ უნდა გაუწიოს, ან კომპაქტური ქროსოვერი - „ტუსანის“ ზომისა.

კონცეპტუალური ავტომობილი ზემსუბუქი წონის სტრუქტურაზეა აგებული, რომლის დასამზადებლადაც უახლესი მასალებია გამოყენებული. მის დასამზადებლად შეიმუშავეს რევოლუციური ტექნოლოგია, რომელსაც კორეული კომპანიის მტკიცებით, ავტომობილების კონსტრუირების პროცესის რადიკალურად შეცვლა შეუძლია. „ინტრადოს“ მამოძრავებელ ძალას ანიჭებს შემედგი თაობის ფიჭური ელემენტების სისტემა, რომელიც წყალბადზე მუშაობს. ეს უფრო მომცრო და მსუბუქი სისტემაა, ვიდრე ის, რომლითაც სერიული ix35 არის აღჭურვილი.

ცალკე თემაა „ინტრადოს“ დიზაინი. საერთოდ, ახალი, ან განახლებული სტილის დამკვიდრებამდე, მის ვარიანტებს კომპანიები ორი-სამი კონცეპტუალური ავტომობილით გვიჩვენებენ ხოლმე. კორეული კომპანია კი, თავის ახალ სტილს, სახელად „თხიერი სკულპტურა 2.0“, სხვაგვარად ნერგავს - ახალი სტილის პირველივე „მერცხალს“ მაშინვე მოჰყვება ამ სტილის სერიულ ავტომობილზე გამოყენება. ამის თვალსაჩინო მაგალითია ახალი „ჯენეზისი“, რომელიც „ჰიუნდაიმ“ ახლახანს გაგვაცნო.

„ინტრადო“ შეიმუშავეს კორეული კომპანიის კვლევისა და განვითარების ცენტრში, რომელიც რიუსელსჰაიმში (გერმანია) მდებარეობს. სახელი ინტრადო საავიაციო ტერმინოლოგიიდანაა აღებული. ამ სიტყვით მოიხსენიებენ თვითმფრინავის ფრთის ქვედა ნაწილს, რომელიც ამწევ ძალას ქმნის. ავიაციიდანვეა მიღებული ის შთაგონება, რომელიც ავტომობილის კონსტრუქციაში ზემსუბუქი მასალების გამოყენებაში აისახა. ამის წყალობით კი „ინტრადო“ მსუბუქი გამოვიდა, რაც მას მოხმარებული ენერგიის დაზოგვაში ეხმარება.