Website is in Process of Renewal „ჰიუნდაი“ ევროპას 22 ახალ ავტომობილს ჰპირდება - Hyundai Auto Georgia

„ჰიუნდაი“ ევროპას 22 ახალ ავტომობილს ჰპირდება

25 სექტემბერი, 2013

„ჰიუნდაი“ ევროპას 22 ახალ ავტომობილს ჰპირდება

ფრანკფურტის მოტორ შოუზე „ჰიუნდაიმ“ გამოაცხადა, რომ შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში, ევროპულ ბაზარზე 22 ახალი ავტომობილის გამოშვებას აპირებს, რაც გაყიდვების ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით გაზრდის საშუალებას მისცემს. საბოლოო მიზანს კი, „ჰიუნდაი მოტორ იუროპის“ მარკეტინგის შტოს შეფ მარკ ჰოლის თქმით, ევროპულ ბაზარზე წილის 5 პროცენტამდე გაზრდა წარმოადგენს.

სხვათა შორის, ძველ კონტინენტზე ხუთპროცენტიანი ზღვრის მიღწევას „ჰიუნდაი“ ჯერ 2016 წელს გეგმავდა, შემდეგ კი, ეკონომიკური სიტუაციის მკვეთრად გაუარესების გამო, ამ გეგმის შესრულება დეკადის ბოლოსთვის გადაიდო. ახლა კი ისევ უკან გადმოსწიეს. ამის მიზეზი კი, ზემოთ ნახსენებ გეგმასთან ერთად, ბოლო ორ წელიწადში გაყიდვების საშუალოდ 10-პროცენტიანი ზრდაა, რის შედეგადაც, კორეული კომპანიის საბაზრო წილმა 3.4 პროცენტს (2010 წლის 2.6 პროცენტიდან) მიაღწია.

მაგრამ ჯერჯერობით, ევროპაში ავტომობილების გაყიდვების კატასტროფული შემცირების გამო, „ჰიუნდაის“ გაყიდვების ზრდის მაჩვენებელი წელს 3.6 პროცენტამდე არის შემცირებული, თუმცა ბაზარზე წილი მაინც 3.5 პროცენტამდე გაიზარდა. ეს კი კორეული კომპანიის გეგმას შეესაბამება.

„ჰიუნდაის“ ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ 22 ახალი ავტომობილიდან უმეტესობა არსებული მოდელების შემდეგი თაობის ავტომობილებია. ისეთივე, როგორიც კომპანიამ ფრანკფურტში i10-ის სახით წარადგინა. თუმცა, იქნება სრულიად ახალი პროდუქტებიც. მაგალითად, უგზოობის სუბკომპაქტური ავტომობილი, რომელიც კორეულ კომპანიას ევროპულ გამაში ძალიან აკლია.

„ჰიუნდაის“ მარკეტოლოგები თვლიან, რომ სამოდელო გამის გაფართოების გარეშე, დიდი შანსია იმისა, რომ კომპანიამ ბევრი ახლანდელი კლიენტი დაკარგოს. ამის მიზეზი კი საკმაოდ მარტივია - ევროპაში „ჰიუნდაის“ ავტომობილებს ჯერ ისევ ხშირად შედარებით დაბალი ფასის გამო ყიდულობენ. მაგრამ ის მომხმარებელი, რომელიც დღეს პატარა i10-ს ყიდულობს, ხვალ იგივე ავტომობილს აღარ შეიძენს და უფრო დიდი და კომფორტული ავტომობილის შეძენა მოუნდება. ამასთან, ფასზეც ნაკლებად იფიქრებს. ამიტომ, „ჰიუნდაიმ“ თავის შოურუმებშივე უნდა დაახვედროს იმ სხვა ავტომობილების დიდი არჩევანი.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ევროპის ქვეყნების გზებზე დაახლოებით 3.3 მილიონი „ჰიუნდაი“ დადის. მათი დაახლოებით სამი მეოთხედის ასაკი კი შვიდ წელზე ნაკლებია. ეს კი ნიშნავს, რომ ამ ავტომობილების მფლობელები მალე გადაწყვეტენ ახლის შეძენას და თუ „ჰიუნდაი“ მათ დიდ ნაწილს კლიენტად შეინარჩუნებს, ეს დიდი მიღწევა იქნება. სწორედ ამაში დაეხმარება სამოდელო გამის გაფართოება-განახლება - მყიდველთა ლოიალურობის მაღალი დონის მიღწევა, საავტოობილო კომპანიების წარმატებული ბიზნესის საწინდარია.

იმავდროულად, „ჰიუნდაის“ მარკეტოლოგები ვარაუდობენ, რომ ევროპაში სუბკომპაქტური ავტომობილების სეგმენტი დაახლოებით 25 პროცენტით გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კორეულ კომპანიას ახალი მყიდველიც მოსაზიდი ჰყავს. სწორედ ამაში დაეხმარება ახალი i10, რომელზეც არსებული დიდი მოთხოვნის გამო, თურქულ (ქალაქ იზმიტში მდებარეობს) ქარხანაში წარმოება დაახლოებით 60 პროცენტით (200 000-მდე) იზრდება.