Website is in Process of Renewal „ჰიუნდაი“ ამერიკელებს ახალ ელექტრომობილს უმზადებს - Hyundai Auto Georgia

„ჰიუნდაი“ ამერიკელებს ახალ ელექტრომობილს უმზადებს

25 იანვარი, 2014

„ჰიუნდაი“ ამერიკელებს ახალ ელექტრომობილს უმზადებს

ახლახანს ვაშინგტონში საავტომობილო შოუ ჩატარდა, რომელიც პოპულარობით არ გამოირჩევა, თუმცა „ჰიუნდაიმ“ სწორედ იქ გამოაცხადა, რომ სამ წელიწადში ამერიკის ბაზარზე სრულიად ახალ ელექტრომობილს შეიტანს. სხვა მხრივ, კორეულ კომპანიას შოუზე ქროსოვერ „ტუსანის“ ფიჭურ ელემენტიანი ვერსია ჰქონდა წარდგენილი, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

„ჰიუნდაი“ წყალბადზე მომუშავე ფიჭური ელემენტებით აღჭურვილ „ტუსანს“ (ტუსან ჰაიდროგენს) შემდეგი თაობის ელექტრომობილად მოიხსენიებს, თუმც, ამის მიუხედავად, კომპანიის შოურუმებში ელექტრომობილი მაინც უფრო გვიან გამოჩნდება, რადგან ის უკვე წარმოებისთვის მზადაა და რამდენიმე ქვეყანაში, ლიზინგითაც იყიდება.

სხვათა შორის, „ჰიუნდაიმ“ ვაშინგტონში ელექტრომობილიც წარადგინა, სახელად „ბლიუონ“ (BlueOn), რომელიც i10-ის ბაზაზეა შემუშავებული. თუმცა, „ჰიუნდაი მოტორ ამერიკას“ ვიცე პრეზიდენტი მაიკლ ო’ბრაიენი, ვინც წარმოების დაგეგმარებას კურირებს, განმარტავს, რომ ეს ავტომობილი, სეულში ჩატარებულ G20-ის სამიტს მოემსახურა (ფოტოზე) და ის ელექტრომობილი, რომელსაც „ჰიუნდაი“ ამერიკისთვის ამზადებს, სრულიად განსხვავებული იქნება.

საუბარია კომპაქტური სეგმენტის მოდელზე, რომელიც შესაძლოა, იმავე სისტემით აღიჭურვოს, რომელიც „ჰიუნდაის“ ნათესავმა კომპანია „კიამ“ მოდელ „სოულის“ ელექტრულ ვერსიაზე გამოიყენა. ამასთან, ის გაცილებით მეტ შტატში გაიყიდება, ვიდრე ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი „ტუსანი“ იყიდება (ეს ავტომობილი მხოლოდ კალიფორნიაში იყიდება, რადგან წყალბადთ გასაწყობი სადგურების ქსელი მხოლოდ ამ შტატში მოქმედებს).

მართალია, ელექტრომობილის წარმოება გადაწყვიტა, მაგრამ „ჰიუნდაი“ მაინც თვლის, რომ ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებს შორის ყველაზე მეტი პერსპექტივა სწორედ ფიჭურ ელემენტებს აქვს, რომლის საწვავადაც წყალბადი გამოიყენება, მისი „წვის“ პროდუქტი კი წყალია. ამის მიზეზად ო’ბრაიენი იმ ფაქტს ასახელებს, რომ ჩვეულებრივ ელექტრომობილებს სვლის მცირე სიშორე აქვს და სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რომელიც ასეთ ავტომობილებს პოპულარიზაციაში ხელს უშლის. ფიჭურ ელემენტებზე მომუშავე ელექტრომობილს კი ამ მხრივ ყველაფერი რიგზე აქვს. ელექტრომობილების მეორე პრობლემა, დამუხტვისთვის საჭირო დიდი დროა და ამ მხრივაც, ფიჭური ელემენტები უპირატესობას იძლევა, რადგან ისინი ავტომობილს მოძრაობისას ამარაგებენ ენერგიით.