Website is in Process of Renewal „ჰიუნდაი“ 1000 ცხენისძალიან „ჯენეზის კუპეს“ ქმნის - Hyundai Auto Georgia

„ჰიუნდაი“ 1000 ცხენისძალიან „ჯენეზის კუპეს“ ქმნის

23 სექტემბერი, 2013

„ჰიუნდაი“ 1000 ცხენისძალიან „ჯენეზის კუპეს“ ქმნის

„ჰიუნდაი“ ბოლო წლებში ძალიან აქტიურად მონაწილეობს ლას ვეგასის SEMA-ს შოუზე (სპეციალური ეკიპირების ბაზრის ასოციაცია) და ამ ტრენდის შეცვლას არც აპირებს. პირიქით, სულ უფრო თამამ პროექტებს ამზადებს ამ პოპულარული (არამარტო ამერიკაში) და თავისუფლად შეიძლება ითქვას, სახალხო გამოფენისთვის, რომელზეც უამრავი პატარა ფირმის, ძალიან საინტერესო ნამუშევრის ხილვა შეიძლება.

წლევანდელი შოუსთვის, რომელიც 5-8 ნოემბერს ჩატარდება, კორეული კომპანია თავისი „ჯენეზის კუპეს“ ბაზაზე, თავის პარტნიორ კომპანია „ბისიმოტო ენჯინიარინგთან“ ერთად, ისეთ მხეცს ამზადებს, რომელსაც სიმძლავრით თვით „ბუგატი ვეირონთან“ გაჯიბრებაც კი შეუძლია - მისი ძრავის სიმძლავრე 1000 ცხენის ძალას მიაღწევს.

„ჰიუნდაიმ“ და „ბისიმოტომ“ სტანდარტული „ჯენეზის კუპეს“ სერია ლამბდას 3.8-ლიტრიანი V6 ძრავის წყვილი ტურბოკომპრესორით აღჭურვა გადაწყვიტეს. გარდა ამისა, აგრეგატს სხვა მოდიფიკაციებიც ჩაუტარდება და სწორედ მათი წყალობით, მისი სიმძლავრე 1000 ცხენის ძალამდე გაიზრდება. ავტომობილს 20-დუიმიან ბორბლებზე დააყენებენ, რომლებიც „ტოიოს“ წარმოების R-888 საბურავებით შეიმოსება.

„ბისიმოტო“ ძრავზე ფოლადის ახალ ბარბაცებს, გამანაწილებელ ლილვებს, შემშვები კოლექტორის ახალ შუასადებს, ნაჭედ დგუშებს დააყენებს. შეიცვლება გამომშვები სარქველი, სანთლები, ანთების კოჭა და საწვავის ტუმბო. ასევე „ბისიმოტო“ ავტომობილს უსაფრთხოების კარკასით და ხისტი საკიდარით აღჭურვავს.