Website is in Process of Renewal ახალი „სონატა“ „ჰიუნდაის“ ექსპანსიის მორიგი სიმბოლო გახდება - Hyundai Auto Georgia

ახალი „სონატა“ „ჰიუნდაის“ ექსპანსიის მორიგი სიმბოლო გახდება

29 სექტემბერი, 2013

ახალი „სონატა“ „ჰიუნდაის“ ექსპანსიის მორიგი სიმბოლო გახდება

რამდენიმე წელია, „ჰიუნდაი“ მსოფლიო ბაზარზე სერიოზული ძალა გახდა. ავტომობილების წარმოების მოცულობით, კორეულმა კომპანიამ, თავის ჯგუფში შემავალ „კიასთან“ ერთად, მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა ამას არ სჯერდება და სტაბილურ ზრდას აგრძელებს. მისი გაყიდვების შტურმი, კორპორატიულ სტილ „თხიერი სკულპტურის“ შემუშავებას და უკვე მრავალჯერად ევოლუციას დაემთხვა.

კორეული კომპანიის უკლებლივ ყველა მოდელი, ბაზარზე პოპულარობით სარგებლობს, მათ შორის კი საშუალო ზომის სედანი „სონატა“ გამოირჩევა, რომელმაც ამერიკის ბაზარზე, ყველანაირ სედანებში იქაური ლიდერი, „ტოიოტა ქემრიც“ კი შეავიწროვა. მაგრამ მეტოქეები ერთ ადგილს არ ტკებნიან და არც პოზიციების დათმობასთან შეგუებას აპირებენ. ბაზარზე ახალი თაობის „ქემრი“ გამოვიდა, „ფორდ ფიუჟნი“ კი ცისფერი ოვალის აღმავლობის პარალელურად მიიწევს ლიდერობისკენ. ამიტომ, „ჰიუნდაი“ თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილის განახლებას აპირებს.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ახალი „სონატა“ „თხიერი სკულპტურის“ ევოლუციურ ვერსია „თხიერი სიზუსტის“ სტილში შესრულდება. რა თქმა უნდა, სტილი იცვლება, ოღონდ აქ საქმე მის სახელშიცაა - სიტყვა სიზუსტე გერმანული ხარისხის სინონიმად იქცა, რაც კორეული კომპანიის მარკეტოლოგების ჩანაფიქრით, შესაძლოა „ჰიუნდაის“ საიმიჯო ფაქტორადაც იქცეს, რომლის ავტომობილებიც უკვე დიდი ხანია, მაღალი ხარისხით და საიმედობით გამოირჩევა (რაზეც მომხმარებელთა ლოიალობის მზარდი მაჩვენებელიც ადასტურებს). მაგრამ ამ ფაქტორის წინ წამოწევა მაინც აუცილებელია. როგორც ჩანს, „ჰიუნდაი“ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს პრემიუმ სეგმენტისკენ (ამავე სტილში შემდეგი ჯენეზისიც შესრულდება), რომელზე შეტევაც ახლახანს ცოტა ხნით გადადო.

ასევე შეიცვლება ინტერიერის სტილიც და აქაც ცვლილება მნიშვნელოვანი იქნება. მაჩვენებლების დაფასა და ცენტრალურ კონსოლზე, დეტალების ფორმები უფრო კუთხოვანი გახდება. სენსორული ეკრანი, რომელიც ნავიგაციასა და ინფოტაინმენტს მოემსახურება, ცენტრალური კონსოლის ზედა ნაწილში აინცვლებს, სადაც უფრო იოლად მისაწვდომიც იქნება და შესამჩნევიც. მოიმატებს ქრომირებული დეტალებისა და რბილი პლასტიკის რიცხვი - ეს ყველაფერი პრემიუმ სეგმენტის წვრილმანებია. უფრო კომფორტული და ადვილად მისაწვდომი გახდება უკანა სავარძლები.

რაც შეეხება ძრავებს, „ჰიუნდაი“ ამ შემთხვევაშიც ტრენდს მიჰყვება და აქცენტს მცირელიტრაჟიანტურბო ძრავებზე გააკეთებს. მათ შორის იქნება 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბო, რომელსაც ახალ „სონატას“ კუპე „ველოსტერი“ გაუზიარებს და 2.0-ლიტრიანი, ასევე ოთხცილინდრიანი ტურბო, რომლითაც ახალი სედანის მაღალი დონის ვერსიები აღიჭურვება. ძრავების გამაში არ შევა V6 ძრავები, რომლებსაც კორეული კომპანია უფრო დიდი, უკანა ამძრავიანი მოდელებისთვის შემოინახავს. რა თქმა უნდა, მყიდველს ჰიბრიდულ „სონატასაც“ შესთავაზებენ, ოღონდ, კორეული კომპანია ჯერაც არ აპირებს პლაგ-ინ ჰიბრიდული ტექნოლოგიის გამოყენებას.

ახალ „სონატას“ პირველად მომავალ წელს (სავარაუდოდ, ჟენევის მოტორ შოუზე) გვიჩვენებენ, მისი წარმოება კი იმავე წლის ბოლოს დაიწყება.